"მთავარის" ინფორმაციით, შვიდივე აშშ-ში მოსამართლეების სასწავლო პროგრამით მიემგზავრებიან. ტრენინგ კურსი აგვისტოშია დაგეგმილი. კანდიდატები უკვე შერჩეულები არიანი და ახლა შეერთებული შტატების საელჩოში ბოლო სავიზო პროცედურები მიმდინარეობს.
შვიდი მოსამართლიდან ერთ-ერთი, მადონა მაისურაძე გვიდასტურებს რომ კოლეგებთან ერთად შეერთებულ შტატებში სწორედ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფინანსებული პროგრამით მიემგზავრება.
მთავარი მოთხოვნა კი მოსამართლეთა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობაა. სასწავლო ტრენინგ კურსს მხოლოდ ის მოსამართლეები გაივლიან, რომლებიც სასამართლო კლანისგან თავისუფალნი არიან და რომელთა მიღებული გადაწყვეტილებები ეჭვებს არ იწვევს.
მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ხელისუფლების ანტიდასავლურ კამპანიაში ჩაერთო და დე ფაქტო სანქცირებულია, მისი აშშ-ში ვიზიტი გაუქმდა, კლანმა კი ხელისუფლების დავალებით სასწავლო ტრენინგ კურსზე წასვლაზე უარის თქმა სხვა მოსამართლეებსაც აიძულა, რაც შიდა წრეებში დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
შვიდეულის წევრი, მოსამართლე მადონა მაისურაძემ ამბობს, რომ ანტიდასავლური კამპანია მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და არ ახსენდება არც ერთი პრეცედენტი, როცა საელჩომ რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლა სცადა.
შვიდეული კიდევ ერთი საინტერესო პრინციპით არის დაკომპლექტებული. შვიდიდან 3-მა მოქმედმა მოსამართლემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა და გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. მაშინ კანონპროექტი დაჩქარებული წესით პარლამენტმა დაამტკიცა და კლანის ხელში კიდევ ერთი რეპრესიული მანქანა აღმოჩნდა.
კანონის მიღებამდე მოქმედი მოსამართლეების ნაწილმა, მათ შორის ქეთევან მესხიშვილმა , სხვა კოლეგების ანტიდასავლური და ანტიამერიკული გამონათქვამები ღიად დაგმო, რამაც კლანში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რეპრესიული კანონის მიღების მთავარი მიზანი მოსამართლეთა დადუმება იყო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი