სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სხდომაზე მის დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა. გოგაშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.
"ღამის 2 საათზე, 16 ივნისს, ჩვენ სახლში მოხდა შემოჭრა, ეს არ მომხდარა არანაირი წესების დაცვით, გაფრთხილებით, არც ის, რომ მოვედით ამის გამო, მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკაზე და არა დაკავებაზე", - ყვება ის.
მისი თქმით, იქ მყოფებს განუმარტა, რომ სახლში იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა გაყვანის შემდეგაც კარს გააღებდა, მიუხედავად ამისა ისინი კარის აფეთქებას აგრძელებდნენ.
"ძალადობრივი მეთოდებით ხდება ჩვენი დაკავება, ნიკას ადებენ ე.წ. ხამუთებს, პლასტმასის ბორკილებს, ხუთ-ხუთი კაცი ზემოდან მუხლებით გვახრჩობს [...] ამის შემდგომ ხდება ჩვენი დაფიქსირება მიწაზე, ორივესი, ჩემი და ჩემი შვილისაც, ამ დროს ხდება შეჭრა სახლში, ჩემი მეუღლის და ჩემი მეუღლის დის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თმებით თრევა, ამავდროულად, 10 წლის ჩემი შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე, 4 წლის ჩემი შვილიშვილი უნებლიე შარდვას, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ესმით, ჩვენ გართხმული ვართ მიწაზე ამ დროს ვგრძნობ ხელზე რკინის შეხებას, გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების და ვიცი რასაც აკეთებენ - ხელზე მახებენ იარაღს, რომელი იარაღიც შემდეგ უნდა ჩადონ, მე ვერ დავინახავდი რა იარაღი იყო ქვემოთ ვიყავი გართხმული, რომ ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ ვეცადე თავი გამეთავისუფლებინა", - ამბობს გოგაშვილი.
მისი თქმით, დაინახა, რომ ამას აკეთებდა გიორგი ღამბაშიძე, გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე, რომელსაც ჰკითხა "იქ ხომ არ გაქვსთქო".
"ამის შემდეგ მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი და მეორე უკვე დედის მისამართით შევაგინე. როგორც შევაგინე, ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, ამ გიორგი ღამბაშიძეს, მარცხენა მხარეს, რომელიც იარაღს მისვამდა, ის უკვე ავტომატი იყო დიდი, ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა", - თქვა მან.
მისი თქმით, ორი დღეა ითხოვს ეხოს გადაღებას, რაც არ გააკეთეს. გოგაშვილმა თქვა, რომ 4 ადამიანი შევარდა სახლში, მეორე სართულზე, რომლებიც სხვადასხვა ნივთებს "ტენიდნენ", მისი ცოლი და ცოლის და კი იქიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
გოგაშვილი ამბობს, რომ 4 საათის განმავლობაში ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას, ასევე, მისი შვილისთვის ხელების გახსნას, რადგან სისხლი აღარ უმოძრავებდა. მან თქვა, რომ სიტყვა "იმნაირებს" გამოიყენებდა "იდიოტების" ნაცვლად:
"ეს იმნაირი ხალხი, იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ მე, სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო. ეს ადამიანები ჩემ გვერდზე იყვნენ, ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ქვეყნის შეურაცხყოფაა", - თქვა გოგაშვილმა.
მისი თქმით, ბრალს უყენებენ, რადგან ამხილა რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის "გადაგდებს" ცდილობდა. გოგაშვილი ამბობს, რომ "უკანასკნელი ტერორისტივით" მოექცნენ.