"ქართული ოცნების" პოლიტიკური ლექსიკის გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ", შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს. პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტები "ოცნების" მხრიდან გამოყენებული ეპითეტების წინააღმდეგ, რომელსაც მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტების მისამართით იყენებენ და ოპოზიციას კრიმინალებსა და რადიკალებს უწოდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებაში ოპოზიციის მისამართით სიძულვილის გაღვივებას,  მიზანმიმართულად ცდილობს. მისივე თქმით, ეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი კამპანიაა იმისათვის, რომ არჩევნებმა არა მშვიდობიან გარემოში, არამედ არეულობის ფონზე ჩაიაროს. 

როგორც მთავრობას, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობას პირდაპირ აქვს დავალებული, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ ოპოზიცია და პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობა" მოიხსენიოს კრიმინალურ პარტიად. ეს არის ფაქტობრივად დანაშაული. ეს არის არამხოლოდ სიძულვილის ენის გამოყენება, არამედ ფაქტობრივად, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობისა და არჩევნების არამშვიდობიან ვითარებაში ჩატარების პრელუდია. ამას შესაძლებელია, ჩვენ სასამართლო წესით დავუპირისპირდეთ, - ამბობს რომან გოცირიძე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მიუღებელ ადამიანებთან თანაცხოვრება, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მან არჩევნების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ არჩევნები კაცობრიობამ იმიტომ მოიგონა, რომ ომები და სისხლისღვრა არ უნდა იყოს.

არანორმალური და ქვეყნისთვის სახიფათოა, როცა ეს ტონალობა გადადის საზოგადოების დაყოფის გზავნილზე და სიძულვილის ქადაგებაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებს შორის და ამ შემთხვევაში ტერმინებსაც მნიშვნელობა აქვს, როცა მთავრობაში ხარ, განსაკუთრებით მაშინ... ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მიუღებელ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრება. ეს შეიცვლება ივანიშვილის დამარცხების შემდეგ აუცილებლად, - ამბობს ბოკერია.

"ოპოზიცია არის კრიმინალი", "ოპოზიციას ჰყავს კრიმინალი ლიდერები", "რურუა კრიმინალია და სწორედ ამიტომ ზის ციხეში" - ეს არის ფრაზები, რომლებსაც დღეს, "ოცნების" ლიდერები ოპოზიციის მისამართით აქტიურად აჟღერებდნენ. 

საარჩევნო გარემოს აზიანებს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ანუ ჭაკუების პარტია კვლავაც არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი. ისინი არიან ჭაკუები, ისინი არიან ჭაკუების 
რეჟიმის წარმომადგენლები, რურუების რეჟიმის წარმომადგენლები. შესაბამისად, ისინი არიან კრიმინალები და ეს არის ფაქტობრივი გარემოება და არა ბრალდება და არა, რაღაც შეურაცხყოფა - ამბობს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი ეპითეტები და აგრესია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. შესაძლოა, ეს მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირდებოდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი