თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, GDI-ის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი ნიკა გვარამიას საქმეს მტკიცებულებად დაურთო - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში.
"დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია 2017-2021 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობისა და შეფარდებული სასჯელების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, GDI-ის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორის, გვანცა წულუკიძის დაკითხვის შესახებ, როგორც პირის, რომელმაც მოიპოვა აღნიშნული დოკუმენტი." წერს GDI
დღევანდელ პროცესზე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას საქმეზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დასაკითხ პირთა სიაში დამატებასა და მტკიცებულებებად დაშვების თაობაზე.
კერძოდ, ნიკა გვარამიას ადვოკატები ითხოვდნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საჯარო განცხადებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებისა და ანგარიშების მტკიცებულებებად დართვას.
ადვოკატები დასაკითხ პირთა სიაში ითხოვდნენ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის შეყვანას და მათი მოსაზრებების მოსმენას ნიკა გვარამიას გამამტყუნებელ განაჩენზე.
ასევე, უფლებადამცველები მოითხოვდნენ მტკიცებულებებად დართვოდა საქმეს "საიას", "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კანონის უზენაესობის" კვლევებს.
მოსამართლეთა კოლეგიამ მხოლოდ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კანონის უზენაესობის" პროგრამის ხელმძღვანელის, გვანცა წულუკიძის დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ასევე, ამავე ორგანიზაციის მიერ, უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი სტატისტიკის მტკიცებულებად დაშვება.
სტატისტიკაში კი, რომელიც 6 ივნისს გამოქვეყნდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველოში სსკ-ის 220-ე მუხლით, არავინ იმყოფება საპატიმროში:
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2017-2021 წლები) საქართველოს მასშტაბით პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლზე ჯამში 11 საქმეზე 19 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ პირთაგან არცერთის მიმართ სასამართლოს რეალური საპატიმრო სასჯელი არ გამოუყენებია. " ნათქვამი იყო ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილ სტატისტიკაში.
შეგახსენებთ, სწორედ 220-ე მუხლზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით, 3 წლისა და 6 თვის ვადით, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განხილვა დღეს დაიწყო. მომდევნო სხდომა 4 ოქტომბერს ჩანიშნა.