აბსურდის თეატრი სააპელაციო სასამართლოში. ნიკა გვარამიას პროცესი მოსამართლეთა კოლეგიამ ორთვენახევრით, 4 ოქტომბრამდე გადადო. საქმე, რომელზეც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ქართული ოპოზიცია, ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული და უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, მოსამართლეებმა გადადეს იმიტომ, რომ შვებულებები აქვთ და დასვენება სჭირდებათ. სასამართლოს დარბაზში ამ არაადეკვატური გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა მოსაზრება, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი სწორედაც რომ პოლიტიკური პატიმარია.
უფრო მეტიც, მოსამართლეებმა არა მხოლოდ გადადეს საქმე, არამედ რამდენიმე გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საბოლოო განაჩენის შინაარსზეც მიგვანიშნეს. ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საქართველოს სახლხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნებს. ზუსტად იდენტური დამოკიდებულება აქვს ამ ყველაზე გავლენიანი სამოქალაქო ინსტიტუტების მიმართ ქართულ ოცნებასაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო ბიძინა ივანიშვილის სრულ მორჩილებაშია.