ავიაკომპანია "ვიზეარის" ისტორიის დრამატული გაგრძელება - "ქართული ოცნების" ხელისუფლების მტკიცება, რომ ქუთაისში ბაზის დახურვა ავიაკომპანიის ქვეყნიდან გასვლას არ ნიშნავს და ინვესტიციის დაკარგვა მხოლოდ თავის მართლება იყო. ქუთაისში ბაზის დახურვიდან მეორე დღეს ევროპულმა ავიაგადამზიდავმა ახალი ბაზა დასავლეთ უკრაინაში გახსნა.
ზუსტად იმ დღეს, როდესაც "ვიზეარმა" ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და იქ ბაზირებული სამი ავიახომალდის სხვა ბაზებზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ავიაკომპანიამ ახალი ბაზა ლვოვში გახსნა, რაც აბათილებს მთავრობის არგუმენტს, თითქოს ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება კორონა პანდემიის გამო მიიღო.
"ვიზეარის" ამ კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ კომპანიას ჰქონდა რესურსი, აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე იაფი ფრენები განეხოციელებინა.
რა მასშტაბების იყო ეს კომპანია - ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადაყვანა წლიდან წლამდე, დაახლოებით 1,5-ჯერ იზრდებოდა და გასულ წელს მგზავრთა რაოდენობა 880 ათასი იყო.
მთავრობის წარმომადგენლები "ვიზეარის" მიერ ბაზის დაკეტვასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარებს აღარ აკეთებენ. თუმცა, დღეს მათ კვლავაც თქვეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ დახურული დარჩება და ეს სივრცე ევროპის რიგ ქვეყნებთან, მხოლოდ ცალკეული გამონაკლისების სახით გაიხსნება. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები სახმელეთო საზღვრებთან დაკავშირებით, ისევ შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "ვიზეარი" 2011 წლიდან შევიდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი საზღვრები მინიმუმ 1-ელ აგვისტომდე არ გაიხსნება.