თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.
"ჩვენი ინიციატივით, პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი, და დღემდე ეს თანხა იყო 500 ლარი, 10-ჯერ იზრდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა. ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობაც აეკრძალოს", - თქვა კალაძემ.
კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან.