დიდი ბრიტანეთის ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს დღეს ბრიტანეთის პარლამენტში გამოსამშვიდობებელი მიმართვა ჰქონდა. სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნის მომდევნო პრემიერმინისტრს მიმართა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ მეგობრებს და მინდა ბოლო რამდენიმე წუთი გამოვიყენო, რათა რჩევები მივცე მომდევნო პრემიერმინისტრსა და პარტიის ლიდერს, ვინც არ უნდა იყოს ის.
პირველი, იყავით ახლოს ამერიკელებთან, დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან.
შეამცირეთ გადასახადები და მოხსენით რეგულაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ, რათა დიდი ბრიტანეთი იყოს საცხოვრებლად მსოფლიოში საუკეთესო ადგილი.
მე მიყვარს ხაზინა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ხაზინისთვის რომ მოგვესმინა, M25-ს ვერ ავაშენებდით. კონცენტრირდით გზაზე, რომელიც თქვენს წინ არის, თუმცა არასოდეს დაგავიწყდეთ უკანა ხედვის სარკეების შემოწმება და დაიმახსოვრეთ, რომ twitter არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ხალხი, ვინც აქ სამართავად გამოგვგზავნა.
ბოლო რამდენიმე წელი, ამ თანამდებობაზე ყოფნა ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო. და მართალია, რომ 40 წლის განმავლობაში მე კონსერვატიულ პარტიას ყველაზე დიდი უმრავლესობის შეკრებასა და ბრიტანეთის პოლიტიკის რეალიზებაში დავეხმარე. ჩვენ შევცვალეთ დემოკრატია და აღვადგინეთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა. ჩვენ დავეხმარეთ ამ ქვეყანას პანდემიასთან გამკლავებაში და სხვა ქვეყანა ბარბაროსებისგან ვიხსენით. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისია შესრულებულია.
მინდა მადლობა გადავუხადო შესანიშნავ პერსონალს. ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს... Hasta la vista, baby", - თქვა ბორის ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა 7 ივლისს დატოვა. ქვეყნის პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისთვის კენჭისყრა მიმდინარეობს. დღეს 20 ივლისს კენჭისყრის მე-5 ტური ჩატარდება, რის შემდეგაც ბრძოლას ორი კანდიდატი გააგრძელებს. ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.