შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩის მიმართ "ქართული ოცნების" წევრების თავდასხმებს ეხმაურება და უპატივცემულობად აფასებს.
დეგნანი ამბობს, რომ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბევრი იმუშავა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ყველამ თავად უნდა აიღოს.
"მართლაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე. საოცრად დიდი უპატივცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული გასახსენებელია რომელიმე სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია საქართველოსთვის ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ის სამუშაო, რომელიც ელჩმა ჰარცელმა საქართველოში გასწია", - თქვა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის ელჩის კრიტიკა დაიწყო. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, სწორედ კარლ ჰარცელს დააბრალეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. მის განცხადებას მალევე მოჰყვა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარი: "შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო". რიტორიკას არც სხვები ჩამორჩნენ - "არც მე ვარ მაინცდამაინც კმაყოფილი ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით" - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ამავე თემაზე: