ბიჭვინთის რუსულ ფაქტობრივ და ფარულ ანექსიაზე ოფიციალური თბილისი ისევ დუმს. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტნმა საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება განსახილველად გაიტანა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
საუბარია ბიჭვინთაში, ყოფილი სახელმწიფო აგარაკებისა და მიმდებარე სანაპირო ზოლის 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემაზე, რასაც აფხაზურ საზოგადოებაშიც მოჰყვა პროტესტი. "ოცნების" ხელისუფლებიდან კი ჯერ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ერთადერთი, ვინც დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, საქართველოს პრეზიდენტია.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი არის ფაქტობრივად ოკუპირებული, ადგილობრივ საზოგადოებას მაინც ესმის რას ნიშნავს საბოლოო ჯამში თუკი რუსეთი განახორციელებს აი ამ გამოუცხადებელი ფარული ანექსიის გეგმას ბოლომდეხო, ამიტომ ამას უწევენ წინააღმდეგობას. ამ პერიოდში ჩვენი დუმილი არის მართლაც წარმოუდგენელი. იმიტომ რომ მაშინ როდესაც ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა უწევს წინააღმდეგობას, ჩვენ ორჯერ და სამჯერ მეტად უნდა ვცდილობდეთ.
ჯერ ერთი ის, რომ ბიჭვინთა საქართველოა და ამითი უნდა გამოვხატავდეთ იმას, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უნდა ვუსვამდეთ იმ ფარული ანექსიის პროცესებს, რომელიც იქ მიმდინარეობს, და მეორე, ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ჩვენ ვზრუნავთ აფხაზეთზე, ჩვენ ვზრუნავთ იმ მოსახლეობაზე, მაშინ როდესაც ის მოსახლეობა ჩვენივე თანამოქალაქეები გამოთქვამენ პროტესტს, მითუმეტეს სჭირდებათ მათ ნეიტრალური ხელისუფლებისგან მხარდაჭერა, - ამბობს თენგის ფხალაძე.
ცნობისთვის, კრემლი აფხაზეთის სანაპირო ზოლის ყველაზე კარგი მონაკვეთის უშუალოდ ფედერაციის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. საუბარია ბიჭვინთაში, 186 ჰექტარ მიწაზე, რომელშიც მთლიანად ექცევა კურორტის უნიკალური პლაჟი და ფიჭვნარი.
ამ ფაქტს თავად აფახაზეთშიც კი, რომლის მარიონეტული რეჟიმი ხელდასმული და მართულია კრემლის მიერ, დიდი საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. ე.წ. ხელისუფლების და მოსახლეობის ნაწილი მოსკოვის ამ მოთხოვნას ღიად უპირისპირდება.