
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურისგან ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და სოსო გოგაშვილის დაუყოვნებლივ დაკითხვას ითხოვს. მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეში ვრცელ წერილს გაგზავნიან ევროკავშირში და დახმარებას ითხოვენ, რადგან ქართული მართლმსაჯულების იმედი არ აქვს.
მუხთარლი ამბობს, რომ ევროპამ საქართველოს მთავრობას სიმართლის დამტკიცებისკენ უნდა მიუთითოს.
"პროკურატურისგან ბიძინა ივანიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და სოსო გოგაშვილის დაუყოვნებლივ დაკითხვას ვითხოვთ. პროკურატურამ ეს ჩვენი მოთხოვნის გარეშეც უნდა გააკეთოს, თუმცა სანამ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, არაფერი მოხდება. პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო არ არის, მას ბიძინა ივანიშვილი გუნდი მართავს. დამნაშავეებმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი, კანონის შესაბამისად უნდა აგონ. პროკურატურას მივაწოდე ინფორმაციას 3 მილიონ დოლართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ ჩემს გატაცებაში გადაიხადა. დეტალურად იციან იმ პიროვნების შესახებ ვინც ეს თანხა გადაიხადა.
რამდენიმე ევრო პარლამენტარს ვესაუბრეთ და მიმდინარე მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. რამდენიმე დღეში ვრცელ წერილს გავაგზავნით ევროკავშირში და დახმარებას ვთხოვთ, რადგან ქართული მართლმსაჯულების იმედი არ მაქვს. ევროპამ საქართველოს მთავრობას სიმართლის დამტკიცებისკენ უნდა მიუთითოს. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეები მაქსიმალურად დაისაჯონ", - ამბობს აფგან მუხთარლი.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის.