დასავლეთს არასოდეს უცდია "საქართველოს ომში ჩათრევა", ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი "ოცნებიდან" წასული სამეულის ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს და "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთს არასოდეს უცდია "საქართველოს ომში ჩათრევა".

მისი თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ ნარატივს მმართველი პარტიის წევრები ავრცელებენ, ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს.

"დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის", - ამბობს ელჩი "ინტერპრესნიუსთან". 

დეგნანი აცხადებს, რომ დასავლეთი თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა შეწყდეს რუსეთის ოკუპაცია მშვიდობიანად და მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ უამრავ ადამიანს.

"ეჭვგარეშეა, რომ როგორც საქართველოს პარტნიორს, ჩვენ გვინდა მშვიდობა - აქ, უკრაინაში და მთელს ევროპაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის, რომლის ნაწილი საქართველოცაა", - ამბობს დეგნანი. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი