დაპირისპირება შეერთებული შტატების ელჩთან კიდევ უფრო მწვავდება. მმართველი პარტია დიპლომატს ფაქტობრივად ულტიმატუმს უყენებს. ქართული ოცნების მიზანი აშკარაა: დასავლური სანქციების ფონზე, ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენა და ხელისუფლების შენარჩუნება. "ოცნების" ამ შეტევას გაცილებით რადიკალურად ახმოვანებს ეგრეთ წოდებული განდგომილთა ჯგუფი - უმრავლესობიდან ფორმალურად წასული დეპუტატის რიცხვი დღეს 4-მდე გაიზარდა.
საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს თავად ამერიკელი ელჩიც. კელი დეგნანი დიპლომატიურ ჩარჩოებს არ სცდება - ის მხოლოდ თავშეკავებული ტონით უარყოფს რაიმე შანტაჟს ან მოლაპარაკებას ბიძინა ივანიშვილთან მეორე ფრონტის გახსნაზე, და ამ ტიპის გზავნილებს დეზინფორმაციას უწოდებს.
ამ განცხადებების კასკადში ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნებისგან თავდასხმების ახალი სერიის მზადებას ხედავენ და ამტკიცებენ, რომ დაპირისპირება დასავლელ დიპლომატებსა და ბიძინა ივანშვილს შორის ახალ ეტაპზე გადადის.