სამაშველო ვერტმფრენი, რომლითაც უბედური შემთხვევების დროს სპეციალური ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი, საქართველოს არ ჰყავს. აღნიშნულის გამო, სამაშველო ოპერაციებში MI-8 ტიპის საბჭოთა შვეულმფრენებს იყენებენ, რომელიც მსგავსი ღონისძიებებისთვის განკუთვნილი არ არის.
სწორედ რთული სამაშველო ოპერაციებისთვის, ჯერ კიდევ 2010 წელს ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთისგან თანამედროვე ტიპის სამი ვერტმფრენი "სუპერ პუმა" შეისყიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვერტმფრენები გაყიდეს. იყო საუბარი იმაზეც, რომ ერთ-ერთი ვერტმფრენი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
"მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ასეთი იდეა, რომ ეს ძველი, ამორტიზებული საბჭოთა ვერტმფრენების პარკი ჩაენაცვლებინა ახლებით. შესყიდული იყო ერთი ძველი სუპერ პუმა, ევროკოპტერის მიერ წარმოებული, შემდეგ ორი სუპერ პუმას ევროკოპტერები, რომლებიც აბსოლუტურად ადაპტირებული იყო და შეეძლო მიეღო ამ სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს ვეღარ განვითარდა", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თემურ ჯანაშიამ.
შესაბამისი ვერტმფრენების შეძენის აუცილებლობაზე საუბრობს სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ გიორგაძეც.
"ამას უნდა სპეციალური აღჭურვილობა და სპეციალური დანიშნულების სამაშველო ვერტმფრენები, რომელიც არსებობს და შეიძლება მისი შეძენა. ჩვენ არ გვყავს, თორემ ამით არ განახორციელებდნენ ამ ოპერაციებს. მაგრამ, ბევრი ადამიანის სიცოცხლეც აქვთ გადარჩენილი. სახელმწიფომ უნდა შეიძინოს კონკრეტული დავალების შესასრულებელი სამაშველო ვერტმფრენები. გასაგებია, რომ ძვირადღირებულია, მაგრამ ჯობია, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შესაბამისად აღჭურვილი იყვნენ მაშველები", - თქვა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილისკენ მაშველები და ექიმები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემართებოდნენ, რა დროსაც ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა.
ასევე იხილეთ: