ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმე | ბრალდებულების ჩვენებები სასამართლო პროცესზე

გამოქვეყნდა:

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. დღეს სასამართლოს ჩვენება რვავე ბრალდებულმა მისცა. მათგან 7 ბრალდებას არ ეთანხმება, ხოლო ერთი - დავით ჯიჯეიშვილი, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბაზაძე აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სასწრაფოში დარეკა.

"იმ მომენტისთვის რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, ყველანაირი ინფორმაცია გავეცი. ჩემი მიზანი არ იყო არავისთვის ხელის დაფარება, ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა. ასევე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა სასწრაფოში დარეკვა", - თქვა ნიკოლოზ ბაზაძე. 

ხულიგნობის ბრალდებას უარყოფს გიორგი ხორავაც:

"იგივენაირად ვწუხვარ, ნერვიულობის გამო კლინიკაში მომიწია გადაყვანა, ძალიან მძიმედ გადავიტანე. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდით და ასე კონკრეტულად ფაქტებს ვერ გავიხსენებ. ამ ხელის გაკვრის შემდეგ ხელი მომხვდა სახეში, რის მერეც მე არანაირი რეაგირება არ მქონია. ქეთი არაბულის დედა რომ დავინახე შუაში ყველანაირად ვცდილობდი, რომ იქ სიტუაცია ჩაწყნარებულიყო. დამშვიდდა კიდევ სიტუაცია", - თქვა მან.

ბრალდებას არ ეთანხმებიან არც ხულიგნობის მუხლით დაკავებულების ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რის საფუძველზეც შესაძლოა, სასამართლომ მათ წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენოს.

მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 1 საათში გამოაცხადებს.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 8 პირი დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი