ექიმ გიორგი ვენეცკის, მფრინავ ლევან ჩოხელისა და დიმა ქააძის ცხედრები უკვე იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში გადაასვენეს. ექსპერიტზის დასრულებისთანავე გადაასვენებენ სხვა დაღუპულებსაც.
სტაბილურად მძიმე რჩება გუდაურში დაშვებული პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუგზარ რაზმაძეს მრავლობითი დაზიანება აქვს. იგი გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს.
სამართალდამცველები მის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მისი ჩვენება სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს ტრაგედიას. რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი და იპოვეს თუ არა ე.წ. შავი ყუთი, რომელმაც ამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ჯერ უცნობია, თუმცა თეთრი არაგვის ხეობაში 48 საათიანი სამძებრო სამუშაოები სრულად დასრულებულია.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა", ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანის პილოტსა და ტურისტს, გარდაიცვალა უცხოელი ტურისტი, პილოტი ამოიყვანეს და დაშავებულია.