"სხვების დადანაშაულება იმაში, რომ თავად ვერ შეასრულე და შენი ამბიციები ვერ გაამართლე, არ არის ევროპული საქციელი" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო საუბრობს.
პრიორიტეტები ფორმულირებულია ძალიან მკაფიოდ, ეს არის 12 პრიორიტეტი და ჩვენ ბრიუსელში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მოველით, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი ამას კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით მიუდგება. ევროპულმა ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი მომდევნო ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება. მათ არ უთქვამთ, რომ ერთი ან ორი პირობა უნდა შესრულდეს, მათ თქვეს, რომ ყველა პირობა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ანუ, აქ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები არ არსებობს. ყველა უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ყველაფერი შესრულდეს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. ეს ეხება დეოლიგარქიზაციასაც. აქ ახალი არაფერია. ეს საკითხი ჩადებული იყო ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში.
[...]
სხვების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ვერ შეასრულე და შენი ამბიციები ვერ გაამართლე, არ არის ევროპული საქციელი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკომისიის გადაწყვეტილების სისწორეს, რომ კიდევ დაიცადოს, სანამ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. კანდიდატის სტატუსის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ქვეყანას შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს, იქცევა და ცხოვრობს ევროპული ინტერესებისა, ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. თუ შენ ევროკაბშირის ელჩს ან სხვა ვინმეს აბრალებ იმას, რაც შენი გასაკეთებელი იყო და არ გააკეთე, ეს ნამდვილად არ არის ევროპული საქციელი.
მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება და კმაყოფილი ნამდვილად არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ აწ უკვე ყოფილ ელჩ ჰარცელს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია, რომ საქართველოს დახმარებოდა წინსვლაში ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ყოფილ, ასევე ახალ ელჩს იმიტომ რომ ისინი საქართველოში ევროკავშირის სახელით არიან. ისინი ხელს უწყობენ ევროკავშირის პოლიტიკის გატარებას, რადგან ეს არის საუკეთესო გზა, რომ საქართველოს დავეხმაროთ მისი ხალხის უკეთესო ცხოვრების უზრუნველყოფაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩის კრიტიკას იმის გამო, რომ საქართველომ თავად ვერ შეასრულა ის, რასაც მისგან მოელოდნენ, - ამბობს სტანო.