პუტინის მიერ ჩადენილ მსოფლიო მასშტაბის დანაშაულებს საზღვარი არ აქვს - კრემლი თალიბანის მებრძოლებს ამერიკელი ჯარისკაცების დასახოცად იყენებს.
რუსეთი ტერორისტებს ამერიკელების მოსაკლავად ასობით ათას დოლარს უხდის - ეს ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები შეერთებული შტატების მზვერავებმა მოიპოვეს და მონაცემები ამერიკის პრეზიდენტსაც გააცნეს. თუმცა ჯერჯერობით, დონალდ ტრამპის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს.
75 წელი, რაც მეორე მსოფლიო დასრულდა, კაცობრიობა კითხულობს - მესამე მსოფლიო ომი როგორი იქნება? პასუხსაც სცემს - მესამე ის იქნება, სადაც ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ფაქტია, რომ ამერიკა და რუსეთი უკვე ომში არიან. სირიაში, ლიბიაში, ვენესუელაში და, როგორც ახლა ვიგებთ, ყველაზე უარესი - ავღანეთში.
2019 წლის აპრილში ბაგრამის ბაზის პერიმეტრზე ამერიკელ საზღვაო ქვეითთა პატრული აფეთქდა. მათ სიკვდილს ერთი წლის შემდეგ ამერიკის ყველა სპეცსამსახური და ყველა პოლიტიკოსი ერთად მიუბრუნდა. ბევრი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებით, ეს აფეთქება მოსკოვიდან იმართებოდა და გრუ-ს, სამხედრო დაზვერვას, მასში 100 ათასი დოლარი ან მეტი ჰქონდა გადახდილი.
არ ვიცი, უარესი რა შეიძლება მომხდარიყო და პრეზიდენტი მაინც უარს ამბობს რუსებთან დაპირისპირებაზე. თან გვიმტკიცებს, არაფერი ვიცოდიო. უნდა დააბრუნოს რუსები დიდ რვიანში, მიუხედავად ჩვენი დამარცხებისა სირიაში, მიუხედავად უკრაინის ანექსიისა. არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ რუსებს მასზე - პირადი თუ ფინანსური, მაგრამ მისი ყველა გზა პუტინთან მიდის, - ამბობს კონგრესის სპიკერი ნენსი პელოზი.
კონგრესის სპიკერი საქართველოს ოკუპაციას არ ახსენებს. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, რომელმაც ქვეყნის საკითხი ყველანაირი საერთაშორისო ფორმატიდან ამოშალა. თუმცა რაზეც საუბრობს, ჩვენც ისევე გვეხება, როგორც ყველა დანარჩენს, რადგან შეერთებული შტატების თუნდაც გამოუცხადებელი ომი ნებისმიერ ქვეყანას მისწვდება.
ამერიკულ გამოძიებას ხელთ აქვს ელექტრონული მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადარიცხვებს თალიბანთან დაკავშირებულ ანგარიშზე. ეს ამყარებს დასკვნას, რომ რუსეთი გასამრჯელოს იხდიდა ავღანეთში ამერიკელი და კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობაში. ავღანეთში დაკავებულია რამდენიმე შუამავალი ბიზნესმენი, ვინც ფულს რიცხავდა. ერთი მათგანისგან ამოღებულია ნახევარი მილიონი დოლარი, - ნიუ იორკ თაიმსი.
ეს ჯაშუშური ბომბი ნიუ-იორკ ტაიმსმა ააფეთქა. და ახლა ყველა მის კითხვებს უმეორებს ტრამპს: იცოდით თუ არა ეს ამბავი თებერვალში, როდესაც დაზვერვის ანგარიშში ჩაგიწერეს და მაგიდაზე დაგიდეს. თუ იცოდით, რატომ არაფერი ქენით? თუ არ იცოდით, რატომ არ იცოდით? ტრამპი კი ამ კითხვებს ასე პასუხობს: „დაზვერვაში ბევრს არ სჯერა, რომ ეს სიმართლეა. მე მგონი ეს სისულელეა, რომელიც გაზეთებმა და დემოკრატებმა მოიგონეს“.
ამერიკის პრეზიდენტმა თვითერის საკუთარ გვერდზე იგივე დაწერა, ოღონდ ჭორების წყაროდ უკვე რუსები დაასახელა. იყო ამბავი თუ არ იყო, თალიბებს უკვეთავდნენ რუსები ამერიკელთა და მოკავშირეთა სისხლს თუ გაზეთებს უკვეთავდნენ სიცრუის გავრცელებას, ორ ქვეყანასა და ორ პრეზიდენტს შორის დაპირისპირება აშკარაა.
ასეთი ინფორმაციის გავრცელება სასაცილოა. შეიძლება ცოტა უხეშად ვთქვა, მაგრამ ეს 100-პროცენტიანი სი...ბაა, - პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
პესკოვის არადიპლომატიური შეფასება ზუსტი ნიშანია, მედიის გამოძიებამ ძალიან მტკივნეულ წერტილებს დაარტყა. ამერიკის ადმინისტრაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პუტინს ვაშინგტონში პატიჟებდა და დიდი რვიანის აღდგენას ჰპირდებოდა, ახლა იძულებულია აღიაროს, რომ მოსკოვი ნამდვილად მტერია და შეერთებული შტატების მტრებს აიარაღებს.
ამ ინფორმაციას სერიოზულად ვეკიდებით. რუსები აძლევენ მათ იარაღს, ათ წელიწადზე მეტია ამაზე პროტესტს ვუცხადებთ. ყოველ ჯერზე, როდესაც რუს კოლეგას ვხვდები, ამას ვეუბნები, - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯარისკაცების სიკვდილს სუფთად საარჩევნო თემად ვერ აქცევენ, მაგრამ ნოემბრამდე ხუთი თვით ადრე, ყველაფერი ამ ჭიდილის ნაწილი ხდება.
რუსების იგივე ქვედანაყოფი, რომელიც ლონდონში ყოფილი რუსული სპეცსამსახურის ოფიცრის მკვლელობას გეგმავდა, ფულს სთავაზობდა ავღანელ ექსტრემისტებს ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობისთვის. პუტინის გახრწნილობას საზღვარი არ აქვს. თუ ეს სიმართლეა, პრეზიდენტის მთელი პრეზიდენტობა საჩუქარია პუტინისთვის. ეს არის ქვეყნის, ყოველი ოჯახისა და ყოველი ჯარისკაცის ღალატი. მე თუ ამირჩევენ პრეზიდენტად, პუტინს პასუხს აუცილებლად მოვთხოვ, - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი.
ალბათ ბევრჯერ არ მომხდარა, დემოკრატებს რუსეთზე მეტი რიხითა და მუქარით ესაუბროთ, ვიდრე რესპუბლიკელებს. ისინი კონგრესში დაზვერვის სამსახურების მოსმენის ინიციატორებიც გახდნენ. იქნებ კიდევ ერთხელ დამტკიცდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ტრამპს იმპიჩმენტი დამსახურებულად გამოუცხადეს
თუ რუსები ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობაში ფულს იხდიან, გვინდა ვიცოდეთ, რატომ ცდილობს პრეზიდენტი მათ დაბრუნებას დიდ რვიანში. გავარკვევთ, რა მოახსენეს სადაზვერვო სამსახურებმა პრეზიდენტს. იქნებ ეს ის საკითხია, რომლის მოსმენაც მას უბრალოდ არ სურს. როგორც უკვე ვნახეთ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხში - პრეზიდენტს თუ ეუბნები რამეს, რის გაგონებაც არ სურს, დიდი შანსი გაქვს, სამსახური დაკარგო, - ამბობს კონგრესის დაზვერვის კომიტეტის წევრი ადამ შიფი.
მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, გრუ-სა და თალიბანს შორის ავღანელი ნარკობარონები იდგნენ. ქსელის გამოაშკარავების შემდეგ მათგან ერთი რუსეთში გაიქცა, მეორე - ტაჯიკეთში, ანუ, იმავე რუსეთში. მოსკოვს რომ ავღანეთისკენ იარაღის, ავღანეთიდან კი ნარკოტიკის გზები დიდი ხნის გატკეპნილი აქვს, იცის ყველამ. ამ ქვეყნის ოლიგარქატს ტრანზიტი ისე აქვს აწყობილი, რომ ნარკოტიკს ლათინური ამერიკიდან პირდაპირ პუტინის საპრეზიდენტო ავიარაზმის თვითმფრინავებით ეზიდება. მცირე პარტიებს კი, დიპლომატიური ფოსტით. როდესაც რამდენიმე თვის წინ არგენტინის პოლიციამ 400 კილოგრამი კოკაინი პირდაპირ რუსეთის საელჩოში დაიჭირა, გამოაშკარავდა ვაგნერის არმიისა და დასავლეთ-აღმოსავლეთში უამრავი ბნელი პოლიტიკოსის დაფინანსების მეთოდი.
ამერიკა ავღანეთში იმაზე დიდი ხნით ჩარჩა, ვიდრე თავის დროზე ვიეტნამში. გამოსვლის გეგმა აქვს და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს გეგმა სწორედ თალიბებთან არის შეთანხმებული. ერთ წელიწადში, წესით ავღანეთში, დღევანდელი 9 ათასი ამერიკელიც აღარ უნდა დარჩეს.
გამოძიება რთული იქნება. არავინ იცის, როდის დასრულდება, რადგან არავინ იცის, როდისაა დაწყებული. მედიას თუ ვენდობით, მტკიცებულებებს შორის, გადარიცხვის ქვითრების გარდა, სატელეფონო ჩანაწერები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენიმე დაკავებულის ჩვენებაცაა.
თვითონ ავღანელებს უამრავი ახალი იარაღი მოაქვთ საჩვენებლად და გვეუბნებიან, აი, ეს ყველაფერი რუსებმა თალიბებს მისცეს, - ამბობს აშშ-ს ჯარების ყოფილი სარდალი ავღანეთში ჯონ ნიკოლსონი.
რუსული და ამერიკული სამხედრო ძალების დაპირისპირებას უკვე წლებია, ვუყურებთ სირიაში, სადაც ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და დამთავრებული. სადაც ამერიკელებმა ვაგნერის კერძო არმიის 200 მებრძოლი რამდენიმე საათში გაანადგურეს.
სანამ ამერიკის ადმინისტრაცია რაიმეს ოფიციალურად დაადასტურებს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე თქვა, რომ აქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ და მასში ბრიტანული სპეცსამსახურებიც არიან ჩართული.
კონგრესში მოსმენა ხვალიდან იწყება. სენატში კი უკვე წარდგენილია შესწორებები 2021 ფინანსური წლის თავდაცვის ბიუჯეტისთვის. სენატორ მენენდესის ინიციატივით, შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან და სხვა მეგობრებთან ერთად უნდა გაუყინოს ანგარიშები და გაუუქმოს ვიზები პუტინს, მის უახლოეს ჩინოვნიკებს, არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსა და მათი ოჯახების წევრებს.
ავტორები: თენგიზ გოგოტიშვილი, თეა ვარშალომიძე, ვახო გახოკიძე, გელა ყაველაშვილი.