სტატიაში მოცემული მასალა არის რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებული და მითითებული ინფორმაცია შეიცავს დამახინჯებულ ცნობებს.
"სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ" - წერს რუსული მედია Lenta.ru.
პუტინის მედია წერს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის ქართულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.
„თოთხმეტი წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით, საქართველომ დაარღვია ყველა საერთაშორისო ვალდებულება და შეთანხმება, დაწყებული სამხრეთ ოსეთის მძინარე დედაქალაქისა და რესპუბლიკის რეგიონების მასიური საარტილერიო დაბომბვით, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების მდებარეობაზე იერიშით. შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპანტების მედია წერს, რომ დეპარტამენტის ცნობით, მსოფლიო საზოგადოება, "ჩუმად უყურებდა ოსი ხალხის განადგურებას და სამშვიდობოების სიკვდილით დასჯას", ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხოლოდ რუსეთის გადამწყვეტი ქმედებები დაეხმარა აგრესიის შეჩერებას.
„დღეს, კიდევ ერთხელ მივმართავთ მართლმსაჯულებას, ამ ქმედებების სამართლებრივ შეფასებას და საქართველოს ხელისუფლების მიერ შეფარებული დამნაშავეების დასჯას, ვგლოვობთ ქართული აგრესიის შედეგად მოკლულ უდანაშაულო მსხვერპლს, რომელთა ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში"- წერს რუსული მედია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
ამავე სტატიაში მოცემულია "აგვისტოს ომის" რუსული "გააზრება":
2008 წლის აგვისტოში საქართველომ სცადა კონტროლი დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთზე, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში გამოაცხადა. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა სპეცოპერაციის დაწყების შესახებ თბილისისთვის მშვიდობის იძულების მიზნით. 12 აგვისტოს კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ ზავის პირობებზე. მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მარტში გამოაცხადა რესპუბლიკის გეგმები რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რესპუბლიკის ახალმა მეთაურმა ალან გაგლოევმა წინამორბედის განკარგულება შეაჩერა.