როგორ გაანადგურა რუსეთმა ქართული ეკლესიები 2008 წელს - ამ სათაურით აქვეყნებს კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
კვლევაში ნათქვამია, რომ 2008 წლის 7-12 აგვისტოს 15 ძეგლი დაიბომბა, აქედან 10 ეკლესია, 5 კი მუზეუმი.
2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა წვრთნების შედეგად 7 ეკლესია ააფეთქეს. მათ შორისაა მე-9 საუკუნის ორი ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია სოფ. ქემერთსა და სოფ. ქურთაში.
კვლევის ავტორები 2008 წლის აგრესიიდან პარალელს ავლებენ ოკუპანტების დღევანდელ ქმედებებზე უკრაინაში და წერენ, რომ აგრესორი ქვეყანა მაშინაც და ახლაც ერთნაირად იქცევა.
გთავაზობთ ამონარიდს GRASS-ის კვლევიდან:
"რუსებმა, უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში რამდენიმე ეკლესია დაბომბეს, მათ შორის: მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა მიძინების ტაძარი ხარკოვში, ეკლესია ირპინში კიევთან ახლოს, სვიატაგორსკის მონასტერი (ლავრა) დონეცკში და წმინდა სამების ტაძარი ქალაქ ჟოვკვაში. მას შემდეგ, მიუხედავად პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებისა, რომ ეკლესიები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების თავშესაფრად გამოიყენება, ათობით სხვა ეკლესია თუ წმინდა ადგილი დაიბომბა.
UNESCO-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 53 კულტურული ობიექტი დაბომბეს, მათ შორის 29 რელიგიური დაწესებულება, 16 ისტორიული შენობა, 4 მუზეუმი და 4 ძეგლი.
გასაოცარი მსგავსებაა 2008 წლის აგვისტოსთან, როცა რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა. თავდაპირველად, პუტინმა საქართველოსთან კულტურულ და სულიერ კავშირებს რიტორიკულად გაუსვა ხაზი, ცოტა ხნის შემდეგ კი რუსულმა ბომბებმა ქართული კულტურული ძეგლები გაანადგურეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი ისტორიული ღირებულებების მქონე ქრისტიანული ადგილების განადგურებას არც მაშინ და არც ახლა აპროტესტებდა.
2013 წელს, პუტინმა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა, რომ "ჩვენს მოძმე ხალხებს შორის ჰუმანიტარული, სულიერი და კულტურული კავშირების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდა..." 2008 წელს კი მან უარყო პატრიარქის მიმართვა, არ ეღიარებინა საქართველოს რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთმა ეს პატრიარქის თხოვნიდან ერთ დღეში გააკეთა.
2008 წელს, სამხედრო მოქმედებების ცხელი ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოში 15 რელიგიური და კულტურული ძეგლი დაბომბა", - წერენ კვლევის ავტორები.