ქართული ოცნება პრეზიდენტის მიერ, ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს. მმართველი პარტია საკითხის ჩასაგდებად ემზადება - "პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ" - ამბობს დეპუტატი ქადაგიშვილი.
"ოცნების" დეპუტატების ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატებს შორის აღარ დაასახელა და პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცესკოს არ დათმობს და რომ მისი ამოცანაა, თავმჯდომარე კონტროლირებული იყოს მათ მიერ. ოპოზიციის შეფასებით, "ოცნებას" სწორედ ასეთად ესახება კალანდარიშვილი, შესაბამისად, ოპონენტები ელოდებიან, რომ მმართველი პარტია ჩააგდებს წარდგენილ კანდიდატურებს, რაც გამოიწვევს გიორგი კალანდარიშვილის მოვალეობის შემსრულებლად დარჩენას.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 5 აგვისტოს წარუდგინა. სიაში ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. თუ რატომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტებაც გააკეთა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კალანდარიშვილმა ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "ოცნების" მსგავსად, პოლიტიკური უწოდა ცესკომაც.
ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი