
"ჩინეთის ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს, ვინ ესტუმროს ტაივანს" - ამის შესახებ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს. ამ საკითხზე მან NBC-სთან ტაივანში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.
მან ასევე თქვა, რომ "ჩინეთის მთავრობას ტაივანის იზოლირების საშუალებას ვერ მისცემენ".
ცნობისთვის, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა. ტაივანის პრეზიდენტმა კი მას აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.
ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ "დემოკრატები ერთად დგანან" საერთო გამოწვევების წინაშე.
ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.