მეცნიერები კულტურის მინისტრის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრების განხილვა დაიწყო. დღეს, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. ეკა კიკნაძე თეა წულუკიანის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომისა და მისი უკანონო გათავისუფლების დადგენას ითხოვს.
სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ნანა ბურჭულაძემ. მან თეა წულუკიანთან გამართული შეხვედრები გაიხსენა:
"ქალბატონი ეკას [კიკნაძის] მიმართ პირველივე ამ შეხვედრაზე, მან გამოამჟღავნა რაღაც განსაკუთრებული მიუღებლობა მისი პიროვნების. ჩვენ ყველამ რაღაც კითხვებს გავეცით პასუხი და როდესაც ქალბატონი ეკა შეეცადა განმარტების მიცემას, უთხრა, რომ თქვენ ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდითო", - თქვა ნანა ბურჭულაძემ.
მანვე ადვოკატის კითხვაზე საპასუხოდ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე წულუკიანმა ეკა კიკნაძეს ამ სიტყვებით მიმართა: "დაჯექით, დაჯექით, ნუ ნერვიულობთ. არ დაგელევათ სანერვიულო 1 წლის განმავლობაში".
"იყო ასეთი მიმართვა და საერთოდ რაღაც ასე გვემუქრებოდა სხვადასხვა სიტყვებით. ბრალმდებელივით მოვიდა", - თქვა ბურჭულაძემ.
თავად ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი, ეკა კიკნაძე კი ამბობს, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს "ასე სძულდეს ადამიანი, რომელიც პირველად ნახა".
"დამამცირებლობა და დისკრიმინაციულობა თეა წულუკიანის მხრიდან არის მისი შეგნებული არჩევანი. ამის მანიფესტაციას ის ახდენს მუდმივად, ყოველ საჯარო გამოსვლაზე და ასეთი იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების და კონკრეტულად ჩემს მიმართ. დღემდე არ მტოვებს გაკვირვების განცდა. პირველად ვხვდებოდი ადამიანის და უბრალოდ იყო გამაოგნებელი, როგორც შეიძლება, ასე სძულდე ადამიანს, რომელსაც ხედავ პირველად", - თქვა ეკა კიკნაძემ.
ცნობისთვის, თეა წულუკიანი მეცნიერებს ედავება, რომ არაპროფესიონალიზმი გამოიჩინეს და არ დაინტერესდნენ მუზეუმიდან ნივთების გატანით, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ გააჩნია. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეროვნული მუზეუმის კონცეფციის შექმნის შემდეგ, მოიძიეს და მუზეუმში დააბრუნეს დაკარგული ნამუშევრები.
შეგახსენებთ, გუშინწინ სასამართლომ მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილი თანამშრომელს, დინარა ვაჩნაძეს 2 ათას ლარიანი კომპენსაცია გადაეცემა. მისი გათავისუფლება უსამართლოდ იქნა ცნობილი.