გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს - ეს არის წერილობითი მტკიცებულებები, მოსამართლეთა განჩინებები, ადვოკატდა განცხადებები პენტენციური დაწესებულებისადმი, რურუას განცხადება, სამართალდამცველთა წერილები და მათი პასუხები დაცვის მხარის განცხადებებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, დაცვის მხარეს მოსამართლემ შუამდგომლობაზე რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა ადვოკატებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა გარკვეული გარემოებები იმისათვის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლილიყო.
გიორგი რურუას ადვოკატის განცხადებით, ივლისის ბოლოს რურუას საქმის განხილვა დასრულდება.
მოლოდინები, სიმართლე რომ გითხრათ, არანაირი არ მაქვს და შეუძლებელია, რომ მქონდეს, იმიტომ, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში იმყოფება არა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილია, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე და სწორედ ამიტომ შეუძლებელია პროგნოზირება იმისა, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იარაღის უკანონოდ ტარება შენახვა-შეძენას ედავებიან, თუმცა დაცვის მხარე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ იარაღი ჩაუდეს, ვინაიდან რურუას იარაღი თან არ ჰქონდა და ის მხოლოდ ოქმების ჩანაწერებში გამოჩნდა.