ქუჩური გარჩევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და დაპირისპირების მონაწილე მთავარი ფიგურანტები - სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ოპოზიციის წევრებმა გაშიფრეს და მათივე განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები ამოიცნეს.
დავით კირკიტაძის განცხადებით, დაპირისპირებაში გარდაბნის მერის მოადგილის ნათესავები მონაწილეობდნენ.
მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ კონფლიქტში ჩარეულნი არიან და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. ამ ყველაფრის შესახებ იცის პოლიციამაც - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე
მასშტაბური დაპირისპირება და ქუჩური გარჩევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარვოში გასულ ღამეს მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს, ერთ-ერთ რესტორანთან დაუპირისპირდა.
დაშავებულია ათობით ახალგაზრდა, თუმცა მათ შორის ყველაზე მძიმეა 31 წლის სამირ ჰუსეინოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მას სახის არეში დღეს ოპერაციაც ჩაუტარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისასა მძიმე იყო, ახლა კი სტაბილურია.