საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.

საია ცესკოს განკარგულების ბათილობას სთხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება.

"გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკომ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამისილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა ისინი, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შეიკრიბა საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილებები; ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის (პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლე, გახარია საქართველოსთვის პარტიიდან) უფლებამოსილება, აგრეთვე გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები.

საია წერს, რომ ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებების მოქმედება სასამართლომ შეაჩერა. ამჟამად საქმე კვლავ სასამართლო განხილვაშია, ხოლო სენაკის საკრებულოს სხდომის ჩატარება 23 თებერვლის შემდეგ აღარ უცდია. 

ორგანიზაციის აზრით, 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არ შეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი