
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და წერს, რომ "ქართული ოცნება" თავისი "რუსული კრიმინალური მენტალიტეტიდან" გამომდინარე მას "ჩამშვებად" აღიქვამს.
გოგაშვილი წერს, რომ პარტიაში სახელმწიფო დამნაშავეები არიან, ხოლო ის "სიბინძურის მამხილებელი".
"ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი", - წერს სოსო გოგაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილი გამოკითხეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძებელს გოგაშვილი უყვებოდა მისი საკნიდან გაყვანისა და შს მინისტრთან საუბრის შესახებ. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ გომელაურმა მას ივანიშვილის დანაბარები გადასცა და დაემუქრა.