სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლს კითხავენ. თია მარტყოფიშვილი და მისი ადვოკატი დაახლოებით 3 საათია უწყებაში არიან. მათთან გამომძიებლებს კითხვები აქვთ გოგაშვილის საკნიდან გაყვანასა და შს მინისტრთან საუბართან დაკავშირებით.
სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ მან გომელაურთან საუბრის შემდეგ მოითხოვა ოჯახთან შეხვედრა, რომელიც რუსთავის ციხეში შედგა.
"ჩემ მეუღლეს რომ შევხვდი 30 ივლისს, მან დეტალურად მომიყვა როგორ დაემუქრნენ, თუ ჩვენ მედიასთან არ შევწყვეტდით კომუნიკაციას, და მათთვის სასურველ ჩვენებას თუ არ მისცემდა სოსო გოგაშვილი, მაგრამ ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ჩვენ პირიქით, ჩემი მეუღლე გავამხნევე და ვთქვი, ბოლომდე ვიბრძოლოთ, მე შენ უდანაშაულობას ნამდვილად დავამტკიცებ მეთქი და მათ ვინც ასე უღირსად მოიქცნენ მე ნამდვილად მზად ვარ ყველას ნიღაბი ჩამოვხსნათთქო", - ამბობს სოსო გოგაშვილის ცოლი.
ადვოკატის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გოგაშვილის ოჯახის სხვა წევრებსაც გამოჰკითხავენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორისთვის მიმართული აქვთ, რომ ვიდეო კადრების შენახვა მოხდეს და ისინი არ განადგურდეს.