
რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი წინადადება მიუღებელია, რადგან ეს სადგურს უფრო დაუცველს გახდის.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ წინადადებები მიუღებელია. მათი განხორციელება ქარხანას კიდევ უფრო დაუცველს გახდის“, - განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ივან ნეჩაევმა.
შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო და შეიქმნას დემილიტარიზებული ზონა.
დღეს გუტერეში უკრაინაში იმყოფება და ლვოვში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, სამმხრივ შეხვედრას მართავს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ზაპოროჟიეს ენერგოსადგურზე არსებული მძიმე და სახიფათო ვითარება იქნება.
რუსეთმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია და ამტკიცებს, რომ 19 აგვისტოს კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე "პროვოკაციას" ამზადებს. უკრაინაში კი აცხადებენ, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი არ არსებობს, შსს ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის.