რუსეთი ირწმუნება, რომ 19 აგვისტოს კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე "პროვოკაციას" ამზადებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტო ამტკიცებს, რომ კიევი ამზადებს "პროვოკაციას" ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინაში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუი გუტერეშის ვიზიტის პარალელურად. რუსული სახელმწიფო მედია РИА Новости  ინფორმაციას გენერალ-ლეიტენანტ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციას დაადანაშაულებენ ამ ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნაში", - ამბობს ის.

რუსეთი ამტკიცებს, რომ 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ნიკოპოლიდან საარტილერიო დარტყმებს განახორციელებენ, შემდეგ კი ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების აღმოფხვრის დემონსტრირებას მოაწყობენ.

ცნობისთვის, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა. ის ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საუბრის ერთ-ერთი თემა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება. მანამდე გუტერეშმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ატომური ენერგო სადგურის ტერორიზმის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება მოითხოვა, რაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი