
ბერლინში, ფედერალური მთავრობის ღია კარის ღონისძიებაზე, აქტივისტები ერთობლივი ფოტოს გადაღების მიზეზით გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან მივიდნენ და პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ. აქტივისტებს სხეულზე ეწერათ "გაზის ემბარგო ახლავე".
აქციის შემდეგ Femen-მა თავის გვერდზე განმარტება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გერმანიის მთავრობებმა ქვეყანა რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებამდე მიიყვანეს, რის გამოც ახლა გადამწყვეტი რეაგირება ვერ ხერხდება უკრაინაში ომზე. მათ ასევე დაადანაშაულეს გერმანია უკრაინისთვის იარაღით არასაკმარისად დახმარებაში.
პროტესტი სოციალური გამოკითხვის შემდეგ მოხდა, რომლის თანახმადაც, გერმანელების დაახლოებით ორი მესამედი უკმაყოფილოა მათი ლიდერისა და მისი ფრაქციული კოალიციის მუშაობით.
გერმანული გამოცება BILD-ის გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ გერმანელთა 25%-ს სჯერა, რომ სოციალ-დემოკრატები სამუშაოს კარგად ასრულებენ, მარტში ეს რიცხვი 46% იყო. ამავე გამოკითხვის თანახმად, 62% მიიჩნევს, რომ შოლცი საქმიანობას ცუდად ასრულებს, მარტში ეს რიცხვი 39%-ს შეადგენდა.