ამერიკის კონგრესში უპრეცედენტო კანონპროექტი დარეგისტრირდა - საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე დამტკიცებული ფინანსური დახმარებიდან 15%-ს ქვეყანა ვეღარ მიიღებს. 132 მილიონ დოლარიანი დახმარება ორ წელიწადზეა გათვლილი. კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, მისი ინიციატორები დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები არიან.
ფინანსური დახმარების ნაწილს საქართველო ვერ მიიღებს მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, არ არის კორუფცია და დაცულია კანონის უზენაესობა.
კანონპროექტი დაარეგისტრირა საბიუჯეტო კომიტეტის ერთ-ერთმა ქვეკომიტეტმა, რომელიც შეეხება კონკრეტული სახელმწიფოებისთვის ფინანსური დახმარებების გაწევის გადაწყვეტილებებში შესწორებების შეტანას. საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთა ფინანსურ დახმარებაშიც აშშ-ს ეჭვი ეპარება და აპირებს დამატებით შეისწავლოს ამ ქვეყნებში დემოკრატიული განვითარების მდგომარეობა.
თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, 132 მილიონიდან დაახლოებით 20 მლნ დოლარი გაიყინება მანამდე, სანამ საქართველო პასუხს არ გასცემს კონკრეტულ კითხვებს. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცემა დავალება და რეკომენდაცია, რომ შეისწავლოს საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული ვითარება და განსაზღვროს, რამდენად დარჩა ქვეყანა დემოკრატიული განვითარების კურსზე; ასევე განსაზღვროს ქვეყანაში კორუფციის დონე და შეაფასოს ვითარება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, მათ შორის, რამდენად არის დაცული საქართველოში კერძო სექტორის საქმიანობა.
იმ შემთხვევაშიც, თუ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცა, ის ფაქტიც, რომ ამ თემაზე ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ღიად საუბრობენ, ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ამერიკაში ნდობა აქვს დაკარგული. ოპოზიცია პასუხისმგებლობას სრულად "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
რანაირი დასკვნაც არ უნდა შესთავაზოს სახდეპმა და სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, უკვე თავისთავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი საჯაროდ გამოდის ასეთი მუქარით, ეს უკვე მეტყველებს ყველაფერზე. ვაშინგტონში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში, არსებობს გამოკვეთილი აზრი, რომ ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება არ შეესაბამება არც საქართველოს და არც ამერიკის ინტერესებს, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს არის სანქციები, რომელიც დაედო ქვეყნის ყველა მოქალაქეს მთავრობის მავნებლური საქციელის დამსახურებით.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კანონპროექტის ამბავს ოპოზიციის ტყუილს უწოდებენ, რომელზეც, მათი თქმით, ოპოზიცია თავის წინასაარჩევნო კამპანიას აგებს.
ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. არაფერი კონგრესს არ გაუყინავს და არანაირი დოკუმენტი კონგრესს არ მიუღია. ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია, - ამბობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონპროექტი არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან დღემდე.