
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტაცია არაა და ის თავად კომისიის მიერ არის გადასახედი.
ვოლსკი დარწმუნებულია, რომ შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტის უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
"ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას, ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება, მით უმეტეს, რომ ის ყველა სტანდარტს შეესაბამება. სამართლებრივი არგუმენტაცია არაა, იქ წერია, რომ არის ნაჩქარევად განხილული, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ მარტის თვიდან ამ თემაზე მიდის კონსულტაციები. სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც ვერ ვუწოდებთ, რაიმე არსებით შენიშვნას არ ითვალისწინებს", - თქვა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა გუშინ 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
დასკვნაში ასევე წერია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა. კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
22 ივნისს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო.