ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას და არაფრად აგდებს ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციებს- განცხადება ამის შესახებ ენმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ის ნაბიჯები რომელსაც ოცნების ხელისუფლება თითქოს დგამს, რეკომენდაციების შესასრულებლად, მხოლოდ იმიტაციაა და მათი მხრიდან, ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. 

„ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

„ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას - პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საპარლამენტო ჩარჩოს გასააქტიურებლად, იმიტაციურია;

„ქართული ოცნება“ არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს;

ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუციების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, მხოლოდ საზოგადოების მოტყუებაა და სწორედ ამას ასაბუთებს ვენეციის კომისია, რომ „მოსმენების შესახებ კანონპროექტი“ მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებაა, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არ იქნება, რადგან როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ვეტოს დაძლევას აპირებენ. შესაბამისად, რეალურად 12 პუნქტის შესრულების უმნიშვნელოვანეს პროცესში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველაზე უფრო ნეგატიური როლი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ისინი ანტიდასავლური კამპანიას აგრძელებენ, არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და ეს პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი ძალაუფლების განმტკიცებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ევროპელი პარტნიორების მსგავსი კრიტიკული დასკვნები მიუთითებს იმას, რომ პროცესში, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს, "ქართულ ოცნებას" აქვს ყველაზე ნეგატიური როლი.  

"საქართველოში მოსმენების კანონი ნაჩქარევადაა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს"  - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

"ქართულ ოცნებაში" კი კრიტიკაზე ტრადიციული რეაქცია აქვთ და აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტაცია არ არის

ე.წ. მოსმენების კანონპროექტს 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოც დაადო, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება მის დაძლევას აანონსებს.

კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით  7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი