პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ წინა მთავრობის დროს შეძენილი ძვირადღირებული "ფუფუნებისთვის განკუთვნილი" ვერტმფრენი გაიყიდება და მის ნაცვლად 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენენ.
ღარიბაშვილის მტკიცებით, ძვირადღირებული თანამედროვე ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფოს აქვს სამაშველო ოპერაციებისთვის არ გამოდგება.
"ბატონი გომელაურის უწყება მუშაობს აქტიურად 3 ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული , კარგ მდგომარეობაში, ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ყოველთვის. სახელმწიფოს ჰყავს 1 ძვირადღირებული ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. მიუხედავად სპეკულაციებისა, რომ თითქოს, ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო.
ახლა ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთს რომელიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული ამ პროცესში",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1 ვერტმფრენის მოვლა-პატრონობა 20 მლნ ღირს - ეს განცხადება გასულ კვირას, შს მინისტრმა ბორჯომში ხანძრის დროს გააკეთა და ისაუბრა, რომ ავიაპარკის შენახვა ძვირი ჯდება.
იხილეთ ასევე: