
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიცია იარაღის ჩადებაში დაადანაშაულა:
"პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, - აღნიშნა დავით კაკულიამ სასამართლო სხდომაზე. [ინტერპრესნიუსი]
ძმები, გურამ და დავით კაკულიები მაისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ქურთიაშვილზე თავდასხმა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 27 მაისს მოხდა.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.