საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების საკითხზე ადვოკატებმა სამართლებრივი კონსულტაციები დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე დღეს ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვდა.
მესამე პრეზიდენტის იურისტებმა პოზიციები შეაჯერეს.
"ძირითადად ვისაუბრეთ სასჯელის გადავადებაზე, ეს მისი წამოწყებული პროცესი იყო. გარკვეული სამართლებრივი, ტექნიკური საკითხები იყო, ეს თემები გავიარეთ. ჩვენ პოზიციებზეც ვიმსჯელეთ, რაზეც ის დაეთანხმა. ნიკა ჭკვიანი და გამოცდილი იურისტია, თავისი პოზიცია გამოხატა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაღაც საკითხები მის დროს არის დაწყებული, რაღაცები მერე დაემატა და მისთვის ეს პოზიცია მისაღებია", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას ცენტრ ემპათიასთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც ამზადებენ. მას შემდეგ, რაც დასკვნა მზად იქნება, ადვოკატები მას სასამართლოს გადაუგზავნიან, რის შემდეგაც, დასკვნის საფუძველზე უფლებადამცველები სასჯელის 1 წლით გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ.