
"გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
საბოტაჟის ფონზე, "ქართული ოცნება" აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი, ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.
კანონპროექტის თანახმად, მომდევნო 2 მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მაგრამ 1 წლის ვადით. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და ამას აქვს მარტივი მიზეზი. მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით.
გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ, - თქვა კობახიძემ.