ვისმენ განცხადებებს საქართველოს მთავრობისგან, კობახიძისგან და მიჩნდება კითხვა, მართლა უნდა ამ ხალხს EU-ში გაწევრიანება?! - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ევროპული მომავალი და ქვეყნის ადგილი ასოცირებულ ტრიოში - ამ საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილ აუდიტორიას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მიმართა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა შეაფასა. 

კუბილიუსის თქმით, ერთი მხრივ ოცნების ლიდერები ირწმუნებიან, რომ ევროინტეგრაცია სურთ და მეორე მხრივ თავს ესხმიან დასავლელ პარტნიორებს. "მიჩნდება კითხვა, მართლა უნდა ამ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება თუ უბრალოდ რაღაც სტრატეგია აქვთ, რომ ისაუბრონ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაგრამ პარალელურად ყველაფერი აკეთონ, რომ ეს არ მოხდეს"- ამბობს კუბილიუსი. 

ყოფილმა ევროპარლამენტარმა დეოლიგარქიზაციაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე ისაუბრა. 

"მომდევნო ათწლეულს მე უკრაინის ათწლეულს დავარქმევდი. არ მინდა, არათავაზიანად გამოვიდეს მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ცვლილებები უკრაინის გამო დაიწყო და ის ფაქტი, რომ თავად უკრაინამ და ასევე მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, და საქართველოც მალე მიიღებს, თუ მისი ხელმძღვანელობა ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, სწორედ უკრაინის დამსახურებაა. 

ახლა მიდის დებატები ძირითად კრიტერიუმებზე, რომლებიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ევროკავშირი ახლა ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ეკონომიკურ ან ფინანსურ კრიტერიუმებს, არამედ ასევე ამ ძირითად კრიტერიუმებსაც. ამ მიმართულებით მე ხშირად ვისმენ განცხადებებს საქართველოს მთავრობისგან, ქართული ოცნების ლიდერებისგან, მათ შორის ბატონი კობახიძისგან და სხვებისგან, და მიჩნდება კითხვა, მართლა უნდა ამ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება თუ უბრალოდ რაღაც სტრატეგია აქვთ, რომ ისაუბრონ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაგრამ პარალელურად ყველაფერი აკეთონ, რომ ეს არ მოხდეს. თუ კვლავაც გააგრძელებს ოპოზიციური პარტიების მოხსენიებას საქართველოს მტრებად, მაშინ ეს ისეთი დონის პოლარიზაციაა, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს და ეს საქართველოს პრობლემაა. ბოლო დროს ძალიან უცნაური განცხადებები მოვისმინე ქართული ოცნების ლიდერებისგან, როდესაც ისინი აკრიტიკებდნენ დასავლელ ელჩებს, გააკრიტიკეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი, ამბობენ, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთთან ომში და ასე შემდეგ. ასეთი რამის მოსმენის შემდეგ ჩნდება შეკითხვები არა კრიტერიუმების, არამედ ქართული ოცნების რეალური პოლიტიკის შესახებ." ამბობს კუბილიუსი.

ყოფილმა ევროპარლამენტარმა დეოლიგარქიზაციაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე ისაუბრა:

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ყველამ იცის, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილს დიდი გავლენები აქვს. ეს ახალი არ არის და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს ასეთი პრობლემები. ასეთი პრობლემები ჰქონდა მოლდოვას პლახოტნიუკთან დაკავშირებით, უკრაინას იანუკოვიჩთან დაკავშირებით და ახლა საქართველოსაც აქვს. 

მომავალ წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. მე იმედი მაქვს, რომ 2029 წლისთვის ამ ქვეყნების სრულ წევრობაზე შეიძლება საუბარი. ახლა საკითხავია, სად იქნება ამ დროს საქართველო, როგორ ჩაჯდება ის ამ კალენდარში",- ამბობს ის. 

ცნობისთვის, კონფერენციას ყოფილი და მოქმედი ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნების" წევრები და ოპოზიცია ესწრება. ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველო ისევ უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტში მოიაზრებოდეს.   

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი