"რუსები ელოდებიან მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი. მხარი დაუჭირეთ დასავლეთს" | პავილიონისი ოლიგარქებს

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებ ოლიგარქებს, კარგად დაფიქრდნენ... რუსები, ზოგჯერ კი ჩინელები, ვისთანაც ბიზნესი გაქვთ, ელოდებიან მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი. მხარი დაუჭირეთ დასავლეთს", - ამის შესახებ 
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საუბრობს.

ოლიგარქების საკითხზე ლიეტუველ ოლიგარქებთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ. მე ვიყავი პირველი, ვინც ამ საკითხზე ხმამაღლა საუბრობდა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს თემა გვერდით გადამედო, რადგან რუსეთში დიდი ბიზნესები ჰქონდათ და ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდოდათ. დიდი ზეწოლა იყო.

დღეს რომ დავაკვირდეთ იმ ოლიგარქებს, რომლებიც მიპირისპირდებოდნენ, ევროკავშირში ცხოვრებით ბედნიერები არიან. ისინი დიდ ფულს შოულობენ, თუმცა აღარ იპარავენ და კორუმპირებულები აღარ არიან. მოვუწოდებ ოლიგარქებს, კარგად დაფიქრდნენ. რუსები, ზოგჯერ კი ჩინელები, ვისთანაც ბიზნესი გაქვს, ელოდებიან შესაბამის მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი. სჯობს ცივილურ, ტრანსატლანტიკურ და დემოკრატიულ ბაზარზე შეხვიდეთ. თქვენს ფულსაც დაიცავთ და მილიონებსაც იშოვით. ეს დადებითაც აისახება ეკონომიკაზე, აკადემიურ სფეროებსა და სტუდენტებზე. მხარი დაუჭირეთ დასავლეთს. არ იფიქროთ ამერიკელ ან ევროპელ ელჩებზე თავდასხმა. ისინი წარმოადგენენ იმ გზას, რომელსაც სამოთხეში მიჰყავხართ, - განაცხადა პავილიონისმა. 

მან ისაუბრა საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ ამ საკითხზე საუბარია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მინიჭებულ 12 რეკომენდაციაშიც. 

წაიკითხეთ 12-ვე რეკომენდაცია. იქ მედიის თავისუფლების შესახებ ნათლად წერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ლიეტუვას კარგად ახსოვს ჟურნალისტი რომელმაც გორბაჩოვის მიერ გამოგზავნილი ტანკებისგან გადაგვარჩინა. მაშინ მეც სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ვიყავი. ეს იყო ჟურნალისტიკისა და მედიის თავისუფლების მაგალითი. მათ ნათლად გადმოსცეს გორბაჩოვის რეჟიმის სისასტიკე. ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ. თქვენ გაქვთ საშუალება დასავლეთისკენ წახვიდეთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ეს არის გზა სამოთხისკენ. არ მესმის რატომ არ უნდა წავიდეს საქართველო ამ გზით?! - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი