„სწრაფად გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ციხიდან“ | ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ ეველინ ფარკაშთან

გამოქვეყნდა:

"სწრაფად გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ციხიდან" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკაში საუბრობს. ამბობს, რომ დასავლეთი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებს.

"ჩვენ მკაცრად ვაპროტესტებთ ჟურნალისტების დაკავებას და მათ ციხეში ჩასმას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. რამდენადაც მე ვიცი, მას [ნიკა გვარამიას] დანაშაული არ ჩაუდენია, ის არის ჟურნალისტი. ამიტომ, ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ მასზე კონკრეტულად ან მის ტელეარხზე, არამედ ზოგადად მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დიდი ფული და ძალისხმევა ჩადეს, რომ საქართველოში ღია ჟურნალისტური საზოგადოება ყოფილიყო. ახლა, როგორც იცით, ჩვენი ელჩი აპირებს სკოლის გახსნას და მან დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამხელა მხარდაჭერა გავუწიეთ ამ ქვეყანას და როდესაც ვხედავთ, რომ მთავრობამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც პუტინის ნაბიჯს უფრო ჰგავს, ეს ძალიან გამაწბილებელია. ეს აფუჭებს საქართველოს იმიჯს უცხოეთში და ამცირებს მის შანსებს, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში" - თქვა მან. 

ის საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ "ძალიან შემაშფოთებელია, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, რადგან ამის საფუძველი ძალიან ბუნდოვანია"

"ის ფაქტი, რომ მას არ ეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება და არ აქვს უფლება, მიიღოს ვიზიტორები, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან ეს არის უფლებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლით არის განსაზღვრული. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი ის შემთხვევაა, რომელსაც საქართველოს მთავრობას უნდა რცხვენოდეს და უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები - ან გაასამართლოს კანონის დაცვით, ან გაათავისუფლოს. და თუ გაასამართლბენ, მაშინ მისი უფლებებიც უნდა დაიცვან საერთაშორისო და შიდა კანონების დაცვით" - ამბობს ფარკაში. 

მან ასევე ისაუბრა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციასთან "დიდება უკრაინას" დაკავშირებითაც და თქვა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები და დამსწრე საზოგადოება გაწბილებულები არიან, რომ მთავრობის წარმომადგენლები კონფერენციას არ დაესწრნენ. 

ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებასა და სურვილებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდეს და საქართველო გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ "ქართული ოცნების" წევრებიც იყვნენ ამ ადამიანებს შორის. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, არ დასწრებოდნენ კონფერენციას და ბევრმა მათგანმა არც კი უპასუხა ჩვენს მოწვევას. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. მე მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რადგან მათ შეეძლოთ აქ ესაუბრათ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება და მიღწევა სურთ, - განაცხადა ეველინ ფარკაშმა. 

იხილეთ ინტერვიუ სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი