"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული... საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და პასუხისმგებლობა იკისროს. არ არის მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის "ერთ-ერთი უმჭიდროესი პარტნიორი და თანამშრომელი ქვეყნაა". მისივე თქმით, ქვეყანამ აიღო გარკვეული პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა შეასრულოს, მათ შორის გაგრძელოს რეფორმების განხორციელება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიხედვით, ასევე, შეასუსტოს პოლარიზაცია.
"ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული... პერსპექტივა ძალიან ნათელია. როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების პრინციპებზე, ეს ყველაფერი ჩვენი საფუძემდებლო პრინციპებია. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია რომ ეს დანაპირები შესრულდეს... არ არის მარტივი. განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთანაა და თქვენს დასახმარებლად მზადაა" - განაცხადა ბორელმა.