ФСБ - ს ყოფილმა ჯაშუშებმა აღიარეს, რომ სპეციალური დავალებით საქართველოში იმყოფებოდნენ - CNN

გამოქვეყნდა:

CNN-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორმა ყოფილმა ჯაშუშმა აღიარა, რომ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად გარკვეული დროით საქართველოშიც იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთია მიხაილ სოკოლოვი, რომელიც ამბობს, რომ 2016 წელს,  19 წლის ასაკში, სტუდენტობისას, პოლიტიკურ აქტივიზმში ჩაერთო და რუსეთის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. მისი თქმით, იკვლევდა რუსეთის ადგილობრივ მმართველობებში კორუფციულ სქემებს, ამავე პერიოდში თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს და სწორედ მაშინ მოხვდა ФСБ-ს ყურადღების ქვეშ.

 ამის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურმა მას პირობა წაუყენა- ან დათანხმდებოდა თანამშრომლობაზე, ან მოხვდებოდა ციხეში 2 წლით. სოკოლოვი თანამშრომლობას დათანხმდა. 

ამის შემდეგ, 2017 წელს,  მან მუშაობა დაიწყო ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ მოძრაობაში, საიდანაც ინფორმაციას ФСБ-ს აწვდიდა.

გარკვეული დროის შემდეგ კი სოკოლოვი ФСБ-მ უკვე საქართველოში გამოგზავნა დავალებით, რომ ეთვალთვალა და ინფორმაცია მოეგროვებინა საქართველოში მცხოვრებ და დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიებს გაექცნენ. 

„მათ ეგონათ, რომ ქართული უშიშროების სამსახურები, რუს ოპოზიციონერებს ამერიკული CIA-ს [ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო] დავალებით უშვებდნენ" - ამბობს სოკოლოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ამის კვალი ვერ დაინახა.

სოკოლოვის თქმითვე, მას არასოდეს მიაჩნდა სწორად, რასაც  ФСБ  აკეთებდა, თუმცა 5 წელი მათ დავალებებს მაინც ასრულებდა.

მეორე ჯაშუში ვსევოლოდ ოსიპოვია. ის 2021 წელს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, 19 წლის ასაკში და ჯაშუშობაზე დაითანხმეს. 

”მე მქონდა სხვადასხვა დავალება. მე მომიწია კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრა, მათი გაცნობა. მაგალითად, რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის ლიდერი იაროსლავ კონვეი და ფონდის "თავისუფალი რუსეთის" მთავარი კოორდინატორი საქართველოში ანტონ მიხალჩუკი“ - ამბობს ის.

ოსიპოვის თქმით, ისიც გაგზავნეს საქართველოში და დაავალეს თვალყური ედევნებინა რუსებისთვის და მათი შეხედულებებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის ომზე და იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინელ ლტოლვილებს.

სოკოლოვი და ოსიპოვი ახლა ნიდერლანდებში ითხოვენ თავშესაფარს და ამბობენ, რომ რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას, უკრაინაში მიმდინარე ომს არ ეთანხმებიან.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი