
დედოფალი ელისაბედის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფონზე, მოსახლეობა ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან იკრიბება.
BBC წერს, რომ ხალხი სასახლის წინ და ჭიშკართან წვიმაში დგას, ზოგიერთი მათგანი კი სასახლის მოპირდაპირედ, დედოფალ ვიქტორიას მემორიალთან ქვის კიბეზე ზის.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის ბალმორალის სასახლეში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა. BBC წერს, რომ ექიმები შეშფოთებულები არიან მონარქის მდგომარეობით და მასზე პერმანენტულ ზედამხედველობას ახორციელებენ.
ბოლო ინფორმაციით, ბალმორალის სამეფო რეზიდენციაში, სადაც ამ დროისთვის დედოფალი იმყოფება, სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან.
ყოფილი სამეფო კორესპონდენტის, რიჩარდ სამნერის თქმით, ყველა ნიშანია იმისა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება. BBC-ის ცნობით, გუშინ, ოთხშაბათს დედოფლმა ვირტუალური საბჭოს სხდომა დატოვა, რის შემდეგაც ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.