პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქს შეხვდა და იერუსალიმიდან ჩამოტანილი, წმინდა ნინოს ხატი გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხატი თავად ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა.
26 წლის შემდეგ კი, წმინდა ნინოს ხატი, წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს. 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ. აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს ხატის იერუსალიმიდან საქართველოში, კაბადოკიელი წმინდანის მიერ განვლილი გზით, სიმბოლურ მოგზაურობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის პატრიაქთან შეხვედრისას ისაუბრა, - ნათქვამია ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, საიდანაც გუშინ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა. პრეზიდენტმა ლეჩხუმის სოფლებიც დაათვალიერა, სადაც სოფელ ოყურეშში მანაგაძეების მარანი, სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩხერი და მურის ციხესიმაგრეც დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო. 17 ივნისს მან ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა.