"მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ორგანიზაციებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ნიკა გვარამიას დაპატიმრების წინააღმდეგ" | ნიკოლას ტენზერი

გამოქვეყნდა:

"მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ორგანიზაციებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ნიკა გვარამიას დაპატიმრების წინააღმდეგ" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) მკვლევარი ნიკოლას ტენზერი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საუბრობს. ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობასაც გამოეხმაურა: 

მე ვფიქრობ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, როგორიცაა თქვენი დირექტორის დაპატიმრება მიუკერძოებლობის ყველა პრინციპის დარღვევით, ასეთ შემთხვევაში ევროკავშირმა და აშშ-მა რეაგირება უნდა მოახდინონ. იმიტომ რომ ეს ადამიანის უფლებების საკითხია, ევროკავშირი და აშშ კი დაფუძნებულია სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობაზე და თავისუფალი მედიის პრინციპებზე. ამიტომ, მე ვთვლი, რომ არა მხოლოდ ევროკავშირმა და აშშ-მა, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ორგანიზაციებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ ფაქტის წინააღმდეგ და მოითხოვონ საქართველოს მთავრობისგან ახსნა-განმარტებები ამ საქმეზე, რომელიც აბსურდული ჩანს.

სააკაშვილის საქმესაც იგივე ეხება. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ზიან, ეს ნიშნავს, რომ ასეთ ქვეყანაში სრულებით არ სცემენ პატივს პრესისა და პოლიტიკურ თავისუფლებას. ეს კი შემაშფოთებელია და ხმა აუცილებლად უნდა აღვიმაღლოთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და თქვენი დირექტორის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაკავება იმ მიზეზთა შორის იყო, რომელთა გამოც ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება იმას, შეიწყალებს თუ არა მათ პრეზიდენტი, ეს თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა, მეორეს მხრივ, როგორ უნდა შეიწყალო ადამიანი, რომელსაც არაფერი ჩაუდენია? ესეც ხომ პრობლემაა? ამიტომ, აქ უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა. მე ნამდვილად ვერ შევასრულებ ქართული მართლმსაჯულების როლს, მაგრამ მე ვთვლი, რომ აშშ-მა, ევროკავშირმა და თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან და სასამართლოსგან განმარტება ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა ტენზერმა. 

მან ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე. თქვა, რომ "პუტინის რუსეთმა საბოლოოდ უნდა წააგოს" და პუტინის რეჟიმი უნდა დასრულდეს.

პირველ რიგში ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ: პუტინის რუსეთმა უნდა წააგოს რადიკალურად, ტოტალურად და საბოლოოდ. მე არ ვლაპარაკობ რუსეთზე, როგორც ასეთზე, არამედ ვამბობ, რომ თუ პუტინის რეჟიმი დამარცხდება, ეს უნდა მოხდეს ამ ომის შედეგად. ეს რა თქმა უნდა,  კარგი ამბავი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, სერბეთისთვის, უნგრეთისთვის და ასევე თავად რუსეთისთვის. ყველა დისიდენტი, რომელსაც მე პირადად ვიცნობ, ამ ომისგან, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმით დაიწყო, ელის ერთ რამეს - თავისუფლებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ამ ტირანისგან გავათავისუფლოთ და ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. ზუტად არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება პუტინი დაეცეს, შეიძლება არც დაეცეს. შეიძლება ის ვინმემ შეცვალოს, ვინც მისი ექვივალენტი იქნება, ან მასზე უარესი, ამაზე მსჯელობას ახლა აზრი არ აქვს. უბრალოდ უნდა გავხსოვეს, რომ პუტინმა ასობით ათასი ადამიანი, წარმოიდგინეთ ათასობით ათასი ადამიანი მოკლა ბოლო 23 წლის განმავლობაში. ეს არ დაწყებულა 6 თვის წინ.

გავიხსენოთ ჩეჩნეთი, საქართველო, სირია, სადაც პუტინის რუსეთმა უფრო მეტი სირიელი მოკლა, ვიდრე აისისმა. უკრაინა 2014 წლის შემდეგ, აფრიკა, სადაც ვაგნერის დაჯგუფებამ საშინელებები ჩაიდინა. ეს ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და რუსეთისთვის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ პუტინი და ყველა მისი თანამოაზრე სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. გარდა ამისა, მე ვიცი, რომ რუს ერს დანაშაულის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც გერმანელებს ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას დრო უნდა, მაგრამ ეს ასე მოხდება. მე ერთხელ ერთმა უკრაინელმა მეგობარმა მითხრა და მას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მოსკოვის წითელ მოედანზე უნდა იყოს ორი მემორიალი - ერთი სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნისა და მეორე დაღუპული უკრაინელებისთვის. ასევე ალბათ ქართველების, სირიელების და საერთოდ პუტინიზმის ყველა მსხვერპლის.

აფხაზეთშიც ანალოგიური დანაშაულები მოხდა და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2021 წელს გამოტანილი განაჩენი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს სისასტიკეები, ასევე იმ ძალებმა, რომლებიც რუსების კონტროლქვეშ იყვნენ, - ამბობს ტენზერი.

ინტერვიუ სრულად:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი