
აზერბაიჯანულმა არტილერიამ, სომხეთში, გეღარქუნიკის რეგიონის სასაზღვრო ზონაში, რუსული FSB-ს სასაზღვრო ძალების შტაბზე დარტყმა განახორციელა. სოციალური ქსელში და ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც განადგურებული ინფრასტრუქტურა ჩანს.
ამ ფაქტზე ჯერჯერობით, არცერთ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
აზერბაიჯანში ჩავიდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და პრეზიდენტ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სიტუაციის სტაბილიზაციისა და დაძაბულობის აღმოსაფხვრელად აზერბაიჯანის მიერ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯების მიუხედავად, სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა.
დილიდან განახლდა სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს რომ სომხეთი აზერბაიჯანის პოზიციებზე ლაჩინისა და კელბაჯარის რაიონებში საარტილერიო დარტყმებს განაგრძობს და დაღუპულია 50 აზერბაიჯანელი სამხედრო. 49 სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალებაზე საუბრობს ერევანიც.