ნენსი პელოსი სომხეთში მიდის - Politico

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამ შაბათ-კვირას სომხეთში გაემგზავრება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან დაპირისპირების ფონზე, სომხეთისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იქნება. 

მომავალი მოგზაურობის შესახებ კითხვაზე, დრუ ჰამილმა, სპიკერის შტაბის უფროსის მოადგილემ, თქვა: ”ჩვენ არ ვადასტურებთ ან უარვყოფთ საერთაშორისო მოგზაურობას წინასწარ, ხანგრძლივი უსაფრთხოების პროტოკოლების გამო”.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა. ცოტა ხნის წინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22:00 საათის მდგომარეობით, ადგილზე სიტუაცია უცვლელი იყო.

15 სექტემბერს დილით სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო ერევანში. მოქალაქეები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ, მათ მოთხოვნას კი მოგვიანებით სომხეთის პარლამენტში, ოპოზიციაც შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოში ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცედურებიც დაიწყეს, თუმცა ოპოზიციას ამისათვის 1 ხმა დააკლდა - მათ ამ დროისთვის 35 ხმა აქვთ და თუ ფაშინიანის გუნდის 1 წევრი მაინც ამ მოთხოვნას შეუერთდება და იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ისინი პროცესს წარმატებით გააგრძელებენ. 

პროტესტი კი სომხეთში გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, პრემიერი ფაშინიანი ხელს აწერდა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ის კაპიტულაციას აცხადებდა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებას აპირებდა.

სომხურ და თურქულ მედიაში ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, ფაშინიანს მთელი ღამის განმავლობაში თავის მართლება მოუწია, რომ ეს "დივერსია იყო" და "არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებდა".

დღესვე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 71 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სია გამოაქვეყნა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი საბრძოლო მოქმედებებს 300-ზე მეტი სომეხი სამხედრო შეეწირა. 

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი