
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისიის პირველი ჯგუფი სომხეთში
ჩავიდა.
"მისიას დაევალა წინადადებების შემუშავება წარმოქმნილი დაძაბულობის დეესკალაციისთვის" - ამბობენ ОДКБ-ს შტაბბინაში.
ცნობილია, რომ ერევანში ჩასულ ჯგუფს ОДКБ-ს გაერთიანებული შტატის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლან ზასი კი სომხეთში მომავალ კვირაში ჩავა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა. 15 სექტემბერს დილით სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო ერევანში. მოქალაქეები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ, მათ მოთხოვნას კი მოგვიანებით სომხეთის პარლამენტში, ოპოზიციაც შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოში ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცედურებიც დაიწყეს, თუმცა ოპოზიციას ამისათვის 1 ხმა დააკლდა - მათ ამ დროისთვის 35 ხმა აქვთ და თუ ფაშინიანის გუნდის 1 წევრი მაინც ამ მოთხოვნას შეუერთდება და იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ისინი პროცესს წარმატებით გააგრძელებენ.
პროტესტი კი სომხეთში 14 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, პრემიერი ფაშინიანი ხელს აწერდა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ის კაპიტულაციას აცხადებდა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებას აპირებდა.
სომხურ და თურქულ მედიაში ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, ფაშინიანს მთელი ღამის განმავლობაში თავის მართლება მოუწია, რომ ეს "დივერსია იყო" და "არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებდა".
15 სექტემბერსვე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 71 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სია გამოაქვეყნა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი საბრძოლო მოქმედებებს 300-ზე მეტი სომეხი სამხედრო შეეწირა.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა.