უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე - ალიევი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა იმუშაონ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე.

მან სომხეთი პროვოკაციებში დაადნაშაულა და თქვა, რომ 13 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ეს პროვოკაცია აღკვეთეს.

"აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია.

ეს არის უზარმაზარი დარტყმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება", - თქვა ალიევმა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანმა თავად მოაგვარა ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით და უზრუნველყო უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის შესრულება. 

სომხეთის გენშტაბის უფროსი, ედუარდ ასრიანი ამბობს, რომ ჯერმუკის მიმართულებით აზერბაიჯანმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია. 

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და ახლა ფრონტის ხაზი 8,5 კილომეტრია. ამჟამად მოწინააღმდეგის ძალები ქალაქ ჯერმუკიდან 4,5 კილომეტრში არიან განლაგებული", - ამბობს ის. 

გასული ღამის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დარღვეულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი